სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილება "სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" უკვე გამოქვეყნდა. მას ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს.
დადგენილების თანახმად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა.
ამასთან, არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია საჭიროებისამებრ შეამოწმოს სამართალდამცავი, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე; შერჩევით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ბოლო შემოწმებიდან გასულ პერიოდში გაცემული დასკვნების არა უმეტეს 30%-ისა, მათ შორის უპირატესად იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნები, სადაც ბოლო შემოწმებისას დაფიქსირებულია სამართალდარღვევა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის დადგენილ ვადაში გადამოწმებისას არსებული სტატუსის სიმძიმის ხარისხის ცვლილება და პირველად დადგენილი სტატუსი.
პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ოდენობა 300 000 ლარს შეადგენს.