რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით იყენებს. ამის შესახებ ნათქვამია განახლებულ "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში".
დოკუმენტის ქვეთავში "საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები" აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და მისი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნის შეზღუდვის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოში მორიგი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა მოჰყვა.
"სამხედრო აგრესიის შედეგების დაკანონების მიზნით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფით, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა და იქ დამატებითი სამხედრო ნაწილები და ინფრასტრუქტურა განალაგა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. ამ მიზნით, იგი ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ზოგიერთ სახელმწიფოზე", - ნათქვამია კონცეფციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაცია, კერძოდ, იქ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ნაწილების, ასევე მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების განლაგება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ემუქრება მის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
"რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების უგულებელყოფა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლისა და "გავლენის სფეროების" პრინციპის აღდგენისკენ მიმართული მცდელობები საშიშროებას უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მეზობელი ყველა სხვა სახელმწიფოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ იგი ამ ტერიტორიებს იყენებს საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით ტერორისტების შესარჩევად და მოსამზადებლად", - აღნიშნულია კონცეფციაში.