ხულოში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ფორდის" მარკის სამარშუტო ტაქსი ბათუმი - ახალციხის მაგისტრალის მონაკვეთზე 200 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ავტოკატასტროფის დროს ორი სტუდენტი გოგონა, ქეთი შავაძე და ნათია ოჩალაძე დაიღუპა.
ავარიის დროს მიკროავტობუსში სულ 9 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 პაციენტი რეანომობილით ბათუმის კლინიკაში მოათავსეს. დაშავებულებს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდათ. ორი დაშავებული რეანიმაციის განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა. ექიმების განცხადებით მძიმე მდგომარეობის მიუხედავად მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მიკროავტობუსი ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი განცხადებით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე მიზეზად, გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ.
მომხდარ ფაქტს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაზარალებულებს მკურნალობის ხარჯებს სამინისტრო აუნაზღაურებს.