დღეს, 9 იანვარს, 11:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ახალი პროექტის - 100 ქართული ძეგლი Google Map-ზე პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი დაესრწება.
2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარაიზაცია იქნება.
ამ მიმართულებით, წლის პირველი პროექტი უკვე განხორციელდა. 100 მდე ქართული ძეგლი მათივე ზუსტი კოორდინატებით Google Map -შია ინტეგრირებული.
პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ურთიერთანამშრომლობით განხორციელდა.
Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის მანძილზე გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები გროვდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა.
Google Map - ზე უკვე შესაძლებელია 100 მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება. თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ. რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება).
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი დანარჩენი ძეგლები Google Map -ზე ეტაპობრივად განთავსდება.
Google Map -ზე ძეგლების განთავსება საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს.