სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა.
პატრიარქის თქმით, დღეს არის ღვთისმშობელ მარიამის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რაც ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, დღეს იხსენებს მრევლი და თაყვანს სცემს ღვთისმშობელს.
"ღვთისმშობელი დედა სულიერი ჭურჭელია, რომელმაც მოსდრიკა ცანი და ამ მოდრეკილი ციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე, მართლმადიდებელი ეკლესია იოსებ მართლის, მეფე დავით წინასწარმეტყველისა და იაკობ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესვე ილია მეორემ მდივნიშვილების, მიქაიების, კუჭაშვილების, ესიტაშვილების, ყურუების და თორდინავები დალოცა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა 1951 წელს რეპრესირებული მართლმადიდებელი ქრისტიანების სულები უფალს შეავედრა და მათი შთამომავლები დალოცა.