ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, დღეს, 15.00 საათზე იგი „ქართული ოცნების" ოფისს ეწვევა და ოფიციალურად დარეგისტრირდება მოძრაობის მხარდამჭერად.
ალექსანდრე მეტრეველი 29-ჯერ გახდა ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონი, 16-ჯერ ევროპის პირველობის გამარჯვებული ერთეულთა, შერეულ და წყვილთა თანრიგში. არის აზიის ჩემპიონი, მოგებული აქვს სკანდინავიისა და შვედეთის ღია პირველობები, ასევე კენტის საგრაფოსა და ქაიროს პირველობები, ორჯერ 1971 და 1972 წლებში, ავსტრალიის ექვსივე შტატის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამის გამო ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
პროფესიით ჟურნალისტი ალექსანდრე მეტრეველი ამჟამად, რუსეთის ტელეკომპანია HTB-პლუსის კომენტატორია.