დღეს 12.00 საათზე ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ და მოძრაობის ლიდერებმა ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და კინოთეატრ "ამირანში" "ანოს და ვანოს თავგადასავალზე" უმასპინძლეს.
გიორგი თარგამაძე: "საახალწლო ზეიმი გრძელდება და უპირველეს ყოვლისა, ვისაც უხარია ეს დღეები, ბავშვებია. ამიტომ, მათთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან არიან ეს ბავშვები და ჩვენი სურვილი არის, რომ ის კეთილი გმირები და ის დადებითი ემოცია, რომლითაც სავსეა ეს ქართული ზღაპარი მათ და მათ ოჯახებს წლის ბოლომდე გაყოლოდეთ".
თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზაზა გაბუნიას თქმით, აღნიშნული აქცია რომელიც შობა-ახალი წლის დღეებს მიეძღვნა, კვიპროსზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.
ზაზა გაბუნია: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შობა-ახალი წლის სიხარულის მიღმა არ დარჩეს არცერთი პატარა, რომელთათავისაც განსაკუთრებულია ეს დღეები. ამიტომ, დღეს სოციალურად დაუცველი და იძულებით ადგილნაცვალი ოჯახების შვილები კინოთეატრში საბავშვო ფილმზე დავპატიჟეთ, რომელსაც ჩვენს შვილებთან ერთად დავესწრებით."
ქრისტიან-დემოკრატებმა კინო-ჩვენებაზე დევნილი და სოციალურად დაუცველი 25 ბავშვი მიიწვიეს.