ახალი წლის ღამეს ცნობილმა ესპანელმა მომღერალმა ხულიო იგლესიასმა "საოცრებათა მოედანზე" შეკრებილ მსმენელს დაუვიწყარი ორსაათიანი კონცერტი აჩუქა, რომელიც შემსრულებელმა თამთა ცხვიტავამ გახსნა. ქართველი მსმენელისთვის ჰანგები მსოფლიო ვარსკვლავმა, მევიოლინე ქეროლაინ ქემბელმაც ააჟღერა, რომელსაც აკომპანირება ნიკა მემანიშვილმა გაუწია.
ხულიო იგლესიასმა მსმენელს სხვადასხვა დროის ყველაზე ცნობილი ჰიტები უმღერა და ქართველ მომღერალთან სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტიც შეასრულა.
ახალი წლის კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პირველი ლედი, სანდრა რულოვსი, აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშლომიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომი ირიცხება. იგი 1982 წელს "ბრილიანტის დისკის", ხოლო 1988 წელს "გრემის" მფლობელი გახდა. მომღერალმა 1997 წელს კი, "ASCAP"-ის პრიზი მიიღო.