საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას" განაცხადის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვს, რომ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
შეგახსენებთ, „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ" საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა - კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა - საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. ფოთში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქ. ქუთაისში და ქ. რუსთავში.
ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 30 იანვარს 16:00 საათზე, გადაწყვეტილებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.