ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართავს თხოვნით, რომ მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. როგორც მან საფრანგეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე.
"მე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობა. ახლა ვიწყებ მეორე პროცედურას. დღეს ოფიციალურად დავწერე განაცხადი და უარს ვამბობ საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. განცხადების შემდეგ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ, და არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ უარი მითხრან", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მიანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას მას და შემდეგ ჩამომართმევს საფრანგეთის მოქალაქეობას.
საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა დღეს ოფიციალურად მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა რუსეთის მოქალაქეობა და ამ დრომდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქის სტატუსით სარგებლობდა.