ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სა და „მზეს" ახალი მფლობელი ჰყავს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ორივე მაუწყებლის 90% -ს ლევან ყარამანიშვილი ფლობს, დანარჩენი 10% კი - „რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორ გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.
2011 წლის 2 დეკემბერამდე ტელეკომპანიის 70%-ს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „დექსონ ლიმიტედი" ფლობდა. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში გიორგი გეგეშიძეა. 30% კი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ „ჩემექსიმ ინტერნეიშენალს" ეკუთვნოდა. მისი წარმომადგენელი რამაზ ბერიძეა. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორივე კომპანია ფლობდა „მზესაც".
მიმდინარე წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით მაუწყებლის ფლობა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს აეკრძალათ. გარდა ამისა, სამაუწყებლო ლიცენზიის ყველა მფლობელს დაევალა შესაბამისობის დეკლარაციის შევსება და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენასათან ერთად საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება "არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა".
კანონის თანახმად, წარდგნილი დოკუმენტაციაში უნდა იყოს „ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალკ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე".
რუსთავი 2-მა დეკლარაცია საიტზე განათავსა. თუმცა ამ დოკუმენტიდან ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რაც საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ „რუსთავი 2" ერთადერთი მაუწყებელია, რომელმაც შესაბამისობის დეკლარაცია უკვე წარადგინა.
კომისიამ 28 დეკემბერს განცხადებაც გაავრცელა და მაუწყებლებს შეახსენა დეკლარაციებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
„მაუწყებელის მიერ დეკლარაციების შეუვსებლობა გამოიწვევს მათ სხვადასხვა ტიპის დაჯარიმებასა თუ სანქცირებას", - თქვა კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.