გუშინ, ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. „ჯიპის" მარკის ავტომანქანა, რომელშიც 10 არასრულწლოვანი იჯდა, გზიდან გადავარდა. დაშავებულები თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ბავშვებს სხეულზე ძირითადად ექსკორაციები აღენიშნებოდათ. ერთ პაციენტს ლავიწვის ძვალი ჰქონდა გაბზარული. შედარებით მძიმედ იყო დაშავებული ერთი გოგონა. ჭრილობა მას ხელის არეში ჰქონდა და მიკროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა. პაციენტი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენი 9 პაციენტი კი ჭრილობების დამუშავებისა და შეხვევის შემდეგ სახლში გავწერეთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.