თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიახლეა - საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს სასაზღვრო შემოწმების გავლა ელექტრონულად შეეძლებათ. ამ მომსახურებით პირველად შს მინისტრმა ისარგებლა.
ეს სისტემა მოსახერხებელია საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ. მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა 16 წამში შეეძლებათ.
"ჩვენ არ ვჩერდებით, კვლავაც ვვითარდებით, ვხდებით უფრო თანამედროვე, უფრო ევროპული, უფრო ციფრული და ჩვენ ეხლა უახლოეს ხანებში ვაპირებთ, საველე კომპიუტერების დარიგებას 5 000 პოლიციელისათვის და საქართველოს შს სამინისტრო იქნება ალბათ მსოფლიოში ყველაზე უფრო კარგად აღჭურვილი სამინისტრო და ჩვენი მოქალაქეებისათვის ვეცდებით მაქსიმალურად გავამარტივოთ და დავაჩქაროთ ის მომსახურება და სერვისი რომელსაც შს სამინისტრო სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს და სტუმრებს ", - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
მსგავსი ელექტრონული კარიბჭეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა დამონტაჟებულია ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. ეს კარიბჭეები ექვსთვიან გამოცდას გაივლის და თუ წარმატებით ჩააბარებს მაშინ ყველა გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდება.