რუსეთში მალე შესაძლოა ახალი ოპოზიციური პარტია გაჩნდეს, მისი ლიდერი კი ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი იქნება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ მან რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ხალხისა და ოპოზიციის მოთხოვნები და გაამარტივოს პარტიების დარეგისტრირების წესი.
ნავალნი ჯერ არ აკონკრეტებს რა ერქმევა მის პოლიტიკურ პარტიას.
"ეხო მოსკვის" ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არა მიტინგს, არამედ მარშს მიიღებს.
რუსეთის ცესკომ კი საპრეზიდენტო არჩვენებისათვის პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი, ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სერგეი მირონოვი დაარეგისტრირა.