იაპონია და ჩინეთი დოლარს აღარ გამოიყენებენ. ქვეყნებმა მოილაპარაკეს, რომ ხელს შეუწყობენ ეროვნული ვალუტების გამოყენებას ამერიკული დოლარის ნაცვლად, იაპონურ და ჩინურ კომპანიებს შორის დადებულ გარიგებებში.
შეთანხმებას მხარეებმა პეკინში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოსიჰიკო ნოდასა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ვენ ცზიაბაოს შეხვედრაზე მიაღწიეს.
ორმხრივ შეხვედრაზე ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება იაპონიის მიერ ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების შეძენის შესახებ. ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს საკუთარი ობლიგაციების გაყიდვას და თავად ირჩევს, რომელ სახელმწიფოს მისცეს მათი შეძენის უფლება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ნაციონალური ვალუტების უფრო ფართოდ გამოყენება ორმხრივ გარიგებებში ჩინეთისა და იაპონიის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება.