დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად პარლამენტის ყოფილი სპიკერი, მოძრაობა "ვოზროჟდენია"-ს ლიდერი ევგენი შევჩუკი აირჩიეს. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ დნესტისპირეთის ე.წ. ცესკოს წარმომადგენელმა პეტრ დენისენკომ გაახმოვანა.
მისივე ინფორმაციით, ე.წ. ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და ცესკოს შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების ბათილად აღიარების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
"არჩევნები შედგა, ევგენი ვასილის ძე შევჩუკი დნესტრისპირეთის მოლდავეთის რესპუბლიკის პრეზიდენტადაა არჩეული", _ ნათქვამია ოქმში.
ამასთან ერთად, დენისენკოს ინფორმაციით, ცესკოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე შედის ძალაში.