მხუთავი აირის მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. ინტოქსიკაცია ავჭალაში იპოლიტე ივანოვის #20-ში მცხოვრებმა ხუთსულიანმა ოჯახმა მიიღო. სასწრაფო დახმარების გამოძახება ოჯახის წევრებმა თავადვე მოახერხეს. ცოლ-ქმარი თბილისის მე-3 კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. სამი მოზარდი კი, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მოათავსეს. ამჟამად ბავშვები კლინიკიდან უკვე გაწერილი არიან.
სახლში CO-ს დაგროვების მიზეზად გამათბობელი სახელდება. თბილისის მერია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას გამოიყენონ მიმდინარე პროგრამა "უსაფრთხო ზამთარი" და უფასოდ შეამოწმებინონ გამათბობელი. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზიც.