სეპარატისტული აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობა გმობს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ ქმედებებს.
“აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობა გმობს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებულ აგრესიას და მხარდაჭერას უცხადებენ პალესტინის მოსახლეობას”, _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობა მიმართავს სახელმწიფოთა მეთაურებს, რუსეთის პრეზიდენტს, გაეროსა და ეუთოს ხელმძღვანელობას თხოვნით, “მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისათვის”.
“ათასობით მოკლული და დასახიჩრებული, დანგრეული სახლები, სკოლები საავადმყოფოები, მეჩეთები _ ასეთია ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ახალი აგრესიის შედეგი, ამ ხალხის ბრალი მხოლოდ ისაა, რომ მათ საკუთარ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება ღვთის მიერ ნაბოძებ მიწა-წყალზე”, _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე ისრაელი აფხაზი ხალხის მიმართ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკაშია დადანაშაულებული. აფხაზი მუსულმანები იხსენებენ იმ ფაქტს, რომ “ისრაელი ქართველ სპეცნაზელთა წვრთნასა და საქართველოსთვის უპილოტო მზვერავი თვითმფრინავების გადაცემას აწარმოებდა”.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობა რელიგიური, თვითმმართველი, არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 1999 წელს შეიქმნა და მასში სეპარატისტულ აფხაზეთში მაცხოვრებელი მუსულმანირი აღმსარებლობის ადამიანები არიან გაწევრიანებულნი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ორგანიზაციაში ყურანისა და სუნის მიმდევარი 100 ადამიანია გაწევრიანებული. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში ორი იმპროვიზირებული მეჩეთი ფუნქციონირებს _ ერთი სოხუმში, მეორე გუდაუთაში. რუსეთიდან ოფიციალურად, ამ ორგანიზაციისათვის შემოდის ლიტერატურა.
მასალის გამოყენების პირობები