დღეს, 24 დეკემბერს, იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც რუსეთის ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა. ხუთპუნქტიანი რეზოლუციის მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, რუსეთის ყველა დიდ ქალაქში ოპოზიცია გრანდიოზული აქციების ჩატარებას გეგმავს. მოსკოვში დღეს 50 ათასკაციანი აქციის მოწყობაა დაგეგმილი.
რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები ქვეყანაში მოვლენათა განვითარების სცენარებს საჯაროდ განიხილავენ.
ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი-ჩხარტიშვილი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ოპოზიციას გამოდის ინიციტივით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ოპოზიციის ყველა ლიდერი შევა. მათ გამჭვირვალედ და ძალიან ღიად უნდა წარუდგინონ, რუსეთის მთელს მოსახლეობას მომავალი სამოქმედო გეგმა, რადგანაც ულტიმატუმის ვადა იწურება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პოზიციების დათმობასა და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.
"ჩვენ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს რაც გვაქვს. არსად არ გვიხსენებია სიტყვა გაფიცვა, არადა ამის ორგანიზები შეიძლება", _ აცხადებს პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი.
ექსპერტები ასევე მსჯელობენ იმაზე, რომ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილ აქციებზე პუტინ-მედვედევის გადაყენების ლოზუნგიც გაჩნდეს.
„ჩვენ გვაქვს მორალური უფლება ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამისთვის კი ბევრი საშუალება გვაქვს", _ განაცხადა მსჯელობისას ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო 24 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი საპროტესტო აქციის მსვლელობისას საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად დამატებითი ძალების გამოძახებას არ გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას რუსული სააგენტოები შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„იმ ძალების გარდა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, დამატებითი ძალები გამოძახებული არ იქნება", - განუცხადეს რია ნოვოსტის სამინისტროში.
ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ცენტრისკენ სამხედრო ტექნიკის კოლონა მიემართებოდა, მათ შორის ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანები, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
სამხედრო კოლონა გორკის გზატკეცილზე გადაადგილდებოდა.