დამწვრობის ცენტრის ძველ შენობასთან აქცია გაიმართა. თანამშრომლების ნაწილმა და „კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ცენტრის ახალ შენობაში გადატანა გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, რესტრუქტურიზაციის პროცესს თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ახალ ცენტრში სამუშაოდ ყველა ის თანამშრომელი გადავიდა, რომლებმაც გასაუბრებისას მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცენტრის გადატანა, როგორც პაციენტების, ასევე თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდა. ფედერალურ კლინიკაში განთავსებულ დამწვრობის ცენტრში რეანიმაციული განყოფილების პაციენტები უკვე გადაიყვანეს. ახალი, 20- საწოლიანი საავადმყოფო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
10 ადგილიანი დამწვრობის ცენტრი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშიც გაიხსნა. მიმდინარე წელს კი ამ პროფილის საავადმყოფოების გახსნა ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.