„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრები ნაზი ქობულაძე და ვაჟა ვერულიძე პარტიის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნენ. ტერიტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედიოდა და თვეების წინ ბათუმს შეუერთდა. მოსახლეობას ტრანსპორტის და დასუფთავების სისტემის მოუწესრიგებლობა აწუხებს. მათი თქმით, მოუგვარებელია გაზიფიცირების საკითხი. გაყვანილი არ არის ინტერნეტის და ტელეფონის ხაზები.
მაჭავარიანის ქუჩაზე მცხოვრებლები ხელისუფლებისგან მდინარე მეჯინისწყლის გაწმენდას და ნაპირგამაგრებითი სამუშაოის ჩატარებას ითხოვენ.
„თუ ეს სამუშაო დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ. ადიდების შემთხვევაში მდინარე მოსახლეობის ეზოებს და სახლებს წალეკავს, ზარალის ანაზღაურება კი ბიუჯეტს გაცილებით ძვირი დაუჯდება" - განაცხადა ნაზი ქობულაძემ.
მანვე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ამ პრობლემით დაინტერესების და მისი მოგვარებისთვის ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების საკითხი დასვა.