არიზონას შტატის 21 წლის მკვიდრი, სემ შმიდტი, კომის მდგომარეობიდან ერთი საათით ადრე გამოვიდა, ვიდრე მას ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთავდნენ.
სემ შმიდტმა 2011 წლის ოქტომბერში ავტოკატასტროფაში მოყოლის შედეგად უმძიმესი ტრავმები მიიღო.
მედიკოსებმა ვერ შეძლეს მისი კომიდან გამოყვანა და აღნიშნავდნენ, რომ პაციენტს თავის ტვინის სიკვდილი განუვითარდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში სემ შმიდტის მშობლებს შესთავაზეს ეფიქრათ მისი შინაგანი ორგანოების დონორის მიზნებად გამოყენებისათვის.
პარალელურად მედპერსონალმა დაიწყო მზადება უიმედო პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამოსართავად.
ექიმების საბოლოო კონსილიუმამდე ერთი საათით ადრე სემ შმიდტმა სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა. დაიწყო ხელის მოძრაობა და რეაგირებდა მიმართვებზე, ხოლო შემდგომ კი საბოლოოდ გამოფხიზლდა.
"მე თავს კარგად ვგრძნობ, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ არ შემიძლია გადაადგილება. ეს სასწაულია", - განუცხადა პაციენტმა ტელეარხ ეი-ბი-სის.
ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ შესაძლოა პაციენტი უახლოესი ორი დღის განმავლობაში სახლში გაწერონ.
აშშ-ის მედია იუწყება ანალოგიური ფაქტების შესახებ. კერძოდ, 2009 წელს პეკინის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც 13 წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა ძალიან მოულოდნელად "დაუბრუნდა" სიცოცხლეს. პირველი სიტყვა რომელიც მან "აზრზე მოსვლის" შემდეგ წარმოთქვა მისი მეუღლის სახელი იყო. კიდევ ერთი შემთხვევა 2006 წელს, ასევე, ჩინეთში მოხდა, როდესაც 10 წლის განმავლობაში კომაში მყოფი ქალბატონი "გაცოცხლდა". მანაც პირველად მისი მეუღლის სახელი წარმოთქვა.