გუანტანამოს ციხის პატიმართა საქართველოში შესაძლო გადმოყვანის საკითხი სამთავრობო ჯგუფების დღევანდელ სამუშაო სხდომაზე არ განხილულა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუსთან ერთოვლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, განვიხილოთ ყველა საკითხი, რომლითაც შეიძლება შეერთებულ შტატებს დავეხმაროთ", - განაცხადა ბოკერიამ.
თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ალექსანდრ ვერშბოუმაც და განმარტა, რომ ქართული მხარის ეს პოზიცია მისასალმებელია.
"ვაფასებთ ქართული მხარის ამ პოზიციას. გუანტანამოს ციხიდან პატიმრების გამოყვანის საკითხზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან ვაწარმოებთ, რათა შესრულდეს პრეზიდენტ ობამას მიერ ამერიკელი ხალხისთვის მიცემული დაპირება და წლის ბოლოსთვის ციხე დაიხუროს", - განმარტა ვერშბოუმ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ გამოიწვევს გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში შესაძლო ჩამოყვანა ამ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსებას, ვერშბოუმ განაცხადა, რომ "მხარეები საკითხს აღნიშნული პარალელებით არ განიხილავს".
"არც საქართველოში რაიმე ბაზის დაფუძვნების თემას ვიხილავთ", - განმარტა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.