პარიზში თურქეთის ელჩმა ტაქსინ ბურჯოღლუმ განაცხადა, რომ სამშობლოში ბრუნდება. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, ელჩის გაწვევასთან ერთად, პოლიტიკურ დონეზე თურქეთსა და საფრანგეთს შორის გაურკვეველი დროით კონტაქტები გაიყინება და ფრანგული კომოანიების მიმართ სანქციები დაწესდება.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთსა და საფრანგეთს შორის საქონელბრუნვა 13, 5 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო ფრანგული მხარის ინვესტიციები თურქულ პროექტებში 6,5 მილიარდს აღწევს. თურქეთში ათასამდე ფრანგული კომპანია მოქმედებს, მათ შორის 30 წამყვანი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მსხვილი პროექტების რეალიზებას ახდენს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაციონალურმა საკრებულომ ანუ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სრულად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სომხების გენოციდის უაყოფის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტი იმ პირთა მიმართ, რომლებიც სომხების გენოციდს არ აღიარებენ, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ქვედა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ ეს კანონპროექტი დასამტკიცებლად საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში - სენატში უნდა შევიდეს. კანონპროექტის ავტორი ვალერი ბუაიეა.