ირაკლი ოქრუაშვილის პარტია აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას დადებითად აფასებს, თუმცა დოკუმენტის საჯაროდ გამოქვენებამდე დეტალების კომენტირებისგან თავს იკავებს. სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას “მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია.
“ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიცაა შეერთებული შტატები მსგავსი შეთანხმების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხელმოწერამდე დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო, რაც საზოგადოებას სიღრმისეული ანალიზის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. თუ საუბარია იმ ტიპის შეთანხმებაზე, როგორიც უკვე გაფორმდა უკრაინასთან, ცხადია პოზიტიური იქნება, თუმცა აუცილებელია, რომ ეს თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავდეს”, _ განაცხადა “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება 9 იანვარს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები