წლევანდელ სეზონზე მოსახლეობას H3N2 ვირუსი ემუქრება. შემთხვევების მატება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ ვაქცინაცია ჩაიტარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ვირუსის შედეგები არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც გასულ სეზონში H1N1 იყო.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რისკ ჯგუფებს მიეუკეთვნებიან 2-წლამდე ასაკის ბავშვები, 65-წელს ზემოთ მოხუცები, ასევე ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათ ექიმები შემდგომში გართულებების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციის გავლას ურჩევენ. ვაქცინაცია არის ფასიანი და 20-დან 25-ლარამდე ჯდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პანდემია გამორიცხულია.
"უშუალოდ ვირუსის ლაბორატორიული შემთხვევები ჯერ არ გვაქვს. საერთოდ, სეზონური გრიპის აღმავლობა იანვარ-თებერვალში ხდება ხოლმე. წელს რაიმე გრიპის ეპიდემიას არ ველოდებით. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად ეცადონ ჩაიტარონ ვაქცინაცია და ჰიგიენის ზომები გაამკაცრონ, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევებში", - განაცხადა ბუწაშვილმა.