დღეს, 22 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში "საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების" წევრი, თემურ კენკებაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: "თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში".
თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს დავა მეცნიერთა შორის. ახალგაზრდა მეცნიერის მიერ ისტორიული წყაროების შესწავლითა და მათი შედარებითი ანალიზის საფუძველზე ამ საკითხის ირგვლივ ახალი აზრი იკვეთება.
ისტორიული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ მეფეს ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში მძიმე სენი აღმოაჩნდა. იგი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი "აგარათა ციხეში" გადაიყვანეს. თამარი მალე გარდაიცვალა. გარდაცვალების თარიღისა და მეფის საფლავის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა გავრცელებული, თუმცა მეფის სიკვდილისა და დაკრძალვის ამბავი კვლავ ბუნდოვანებით არის მოცული. ამ საკითხს ეხება ახალგაზრდა მეცნიერის თემურ კენკებაშვილის კვლევა.