“კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აცხადებს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
კუკავას განცხადებით, მისთვის ცნობილია ანალოგიური დოკუმენტების შინაარსი და ასეთი ტიპის დოკუმენტები მხარეებისათვის რაიმე იურიდიულ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.
“ეს არ არის ხელშეკრულება, ეს არის ქარტია და როცა ამ დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდება ამას, ჩვენც ვნახავთ. ჩვენ ვიცნობთ უკრაინასთან გაფორმებული ანალოგიური ქარტიის შინაარსს. ეს არის ერთობლივი განცხადება, ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც არანაირ იურიდიულ ვალდებულებებს არ შეიცავს.
ტექსტს ექნება ჩვეულებრივი ქარტიის შინაარსი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ, მხარეები აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და განამტკიცებენ ურთიერთკავშირს და ა.შ.”, _ განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” კახა კუკავამ.
შეგახსენებთ, საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ხელი 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერება.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად გართულების გამო, შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც 4 იანვარს უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო. ქარტიაზე ხელმოსაწერად აშშ-ში უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ქარტიის ხელმოწერის მიზანი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შემდგომი გამყარებაა.
მასალის გამოყენების პირობები