განათლების სამინისტრო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შექმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პარლამენტმა დღეს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებაც დაამტკიცა, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.