იუსტიციის სამინისტროს თბილისის აზერბაიჯანულენოვნი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. იუსტიციის სამინისტროს მენეჯერებმა ახალგაზრდებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის შესახებ, ესაუბრნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, სასჯელის ალტერნატიულ სახეობებზე და მათი გამოყენების მიზანშეწონილებაზე, აგრეთვე - ელექტრონული მმართველობის კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ.
თბილისის 73-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთავის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეებს იუსტიციის სამინისტრო პროექტ "ჩვენი საზოგადოების" ფარგლებში მასპინძლობს, რომელსაც უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი სულ რამდენიმე თვეა, მოქმედებს. არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ დღეს პირველად უმასპინძლა.