პირებს მშობელთა გვარების შეერთებით წარმოქმნილი გვარის მიღების უფლება ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით „საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, პირს სურვილისამებრ შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი; მშობელთა შეერთებული გვარი; ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; მშვილებლის გვარი; მეუღლის გვარი; უცხო ქვეყნის ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარის გაერთიანებით მიღებული გვარი, სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი და აღიდგინოს თავისი ისტორიული გვარი.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი ზვიად კუკავაა.