საქართველო მთელი თავისი პრობლემებით თუ წარმატებებით კვლავ ძალიან აქტუალურია ამერიკელებისათვის - ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა ჩიკაგოს სამიტისთვის, ამას მე მგონი ბევრი ახსნა ქართული საზოგადოებისთვის აღარ სჭირდება", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, წარმატებულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონეც ამაღლდება, გადამწყვეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელ რეგიონში პროცესების პოზიტიური მიმართულებით წარმართვისთვის.
"ერიკ რუბინთან შეხვედრისას ჩვენ სწორედ იმ დეტალებზე ვისაუბრეთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, საზოგადოების კონსოლიდაციას და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გეგმების განხორციელებას", - განაცხადა თარგამაძემ.