რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი მოადგილე ალექსანდრე ტორშინი აღშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც არის მოწოდება რუსეთში ხალხალი არჩევნების ჩატარებისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დამკვირვებლების დაშვების შესახებ.
"ამ რეზოლუციის შესახებ გაკვირვებითა და აღშფოთებით გავიგე. ევროპარლამენტის რეზოლუცია რუს ამომრჩეველთა ცინიკური შეურაცხყოფაა. ამგვარი ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა უცხო ქვეყნის ძალების ჩარევა რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში. ევროპელ პარლამენტართა ქმედებებში შესაძლოა მხოლოდ ასე შეფასდეს", _ განაცხადა ტორშინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს თავად ევროპაში არის ყველაზე მწვავე კრიზისი, რაც კი მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყოფილა".
"ევროპელმა პარლამენტარებმა უკეთესია თავის პრობლემებს მიხედონ და სულაც არ არის აუცილებელი რუსეთს დემოკრატია ასწავლონ.
ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთისაგან, ისევე როგორც "ცივ ომის" პერიოდში მტრის ხატის ძერწვას იწყებენ, რომელიც უხეშად არღვევს დემოკრატიულ ნორმებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ყველაფერი ეს ძველი მეთოდებით ხდება. ობიექტური ანალიზის გაკეთების ნაცვლად, ისინი, ჩვენი ე.წ. პარტინიორები ჩვენს ქვეყანაში არსებული ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელებს უჯერებენ", _ აცხადებს ტორშინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს - რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუშვან ევროკავშირის მონიტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ახალი რეზოლუციის 24-ე პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს და აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევრომონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.
ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას არჩევნების ხელახალი ჩატარებისკენ მოუწოდებს. ევროპის პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს, როგორიც არის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელები, ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაკავება და საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა. ევროპარლამენტი რუსეთს ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებს.