საზოგადოებრივი მაუწყებელი 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნულ კონკურსს აცხადებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი საპროდიუსერო ჯგუფებს, მომღერლებს, მუსიკოსებსა და კომპოზიტორებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მომღერლებმა საკონკურსო სიმღერასთან (CD) ერთად, უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი.
საკონკურსო სიმღერა სპეციალურად ამ კონკურსისთვის, ქართულ ან ინგლისურ ენებზე (ხანგრძლივობა 3 წუთი) უნდა იყოს შექმნილი. განცხადებების მიღება 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება. მის. საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას 68.
ტელ. 409 110
შემოსული განაცხადებიდან ჟიური საუკეთესოებს შეარჩევს და წარადგენს ეროვნული კონკურსის ფინალურ კონცერტზე. გამარჯვებულს ქართველი ერი (სმს-ების საშუალებით) და კომპეტენტური ჟიური ერთობლივად გამოავლენენ.
ეროვნული კონკურსის ფინალისტი საქართველოს 57-ე ევროფესტივალზე წარადგენს.
ევროვიზიაზე კონკურსანტების წარდგენის უფლება ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2004 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია, შესაბამისად, მაუწყებელი საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა.
2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა.
2009 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა, თუმცა მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
2010 წელს, 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა.
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ,,Eldrine" , სიმღერით ,,One More Day" მეცხრე ადგილი დაიკავა.
წელს რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს.