"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო ეხმიანება ხელისუფლების ახალ ინიციატივას სოფლის მოსახლეობისთვის 30 ლარიანი ვაუჩერის დარიგების შესახებ და პრეზიდენტს სთავაზობს ექსპერიმენტის სახით, ყვარელში, 30 ლარით საკუთარი ვენახის დამუშავება სცადოს.
"სოფლის მოსახლეობისთვის 30 ლარიანი ვაუჩერის დარიგების ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც შედეგად სოფლის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად არ მოჰყვება. მსგავსი სახის დახმარებები შეიძლება გლეხისთვის მცირე შეღავათი იყოს, მაგრამ ის მაინც რჩება ხელისუფლების ერთჯერად დახმარებაზე დამოკიდებულად.Aაქედან გამომდინარე, დღევანდელი რეჟიმის ინტერესებში სოფლის მეურნეობის ნამდვილი მხარდაჭერა არ შედის, ვინაიდან წელში გამართული და დამოუკიდებელი გლეხი მას არ ჭირდება, ისევე როგორც არ ჭირდება ძლიერი საშუალო ფენა ქვეყანაში. საზოგადოებას კარგად ახსოვს, სოფლის მოსახლეობის "მხარდასაჭერად" გამართული არაერთი ანალოგიური ერთჯერადი პიარაქცია, თუმცა ამას გლეხების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ "ამ პიარკომბინაციისთვის გამიზნული 24 მილიონი ლარი, ან ის მილიონები რომლებიც კონცერტებსა და სხვა მსგავსი ტიპის პროექტებში იხარჯება, ხელისუფლებას რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების რაიმე რეალური პროექტისკენ მიემართა დღეს ამ სფეროში სულ სხვა ვითარება იქნებოდა".