საქართველოს საპატრიარქომ მესტიაში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საპატრიარქო კულტურის სამინისტროს მხრიდან, საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული წინადადების უგულვებელყოფაზე, რომელიც სიწმინდეების, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დროებით მოთავსებას შეეხებოდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო იქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. "საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც არის პრობლემატური, განსაკუთრებით სეისმომედეგობის და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენებულიყო, კულტურის სამინისტრომ არ მიიღო.
"სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
"როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა, სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული - სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან", - ნათქვამია განცხადებაში.