"საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, ქართულ მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი ნაწილი - 78 პროცენტი ორ კერძო ნაციონალურ არხზე - "იმედსა" და "რუსთავი-2"-ზე მოდის. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ორი ტელეკომპანია აუდიტორიის ბაზრის 60-პროცენტიან წილს აკონტროლებს.
"ტელევიზია საქართველოში უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, ვიდრე - რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში. რეკლამებიდან შემოსავლების მიზიდვის თვალსაზრისით, საქართველოს ბეჭდური სექტორი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. გაზეთებზე რეკლამებისთვის გაწეული დანახარჯების 4.3 პროცენტი მოდის და ეს რიცხვი არ მოიცავს სარეკლამო განცხადებებს. ჟურნალებზე კი, მოდის 3.9 პროცენტი. რადიოსადგურებზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 7.8 პროცენტი მოდის, გარე რეკლამაზე კი - 5.8 პროცენტი. ინტერნეტის რეკლამის წილი საქართველოში რეგიონის საშუალო მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ინტერნეტმედიასაშუალებებში განთავსებულ რეკლამებზე სარეკლამო დანახარჯები 1 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ როდესაც რეგიონის შესაბამისი საშუალო მონაცემი 6.1 პროცენტს უტოლდება", - ნათქვამია ანგარიშში.