საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს დაკავებისას და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტის გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ სახალხო დამცველის 2011 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, პირად კონტროლზე აყვანა უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დეტალური სტატისტიკის წარმოებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება წამების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი; ასევე უზრუნველყოს სახალხო დამცველისთვის ამომწურავი და დროული ინფორმაციის მიწოდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრსაც მიმართავს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტის ჯეროვნად დაფიქსირებისა და მათზე ადეკვატური რეაგირების საკითხი.
ანგარიშში სახალხო დამცველი ქუთაისის #2, გლდანის #8, #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და თბილისის #7 დაწესებულებებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.