საქართველოს პრეზიდენტმა წუხელ ბათუმში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პერსონალს შეხვდა. პირველად, მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "კემპინსკის" მიმდინარე მშენელობაზე მივიდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები ღამის 04:00 საათზეც კი არ ჩერდება. მშენებლობის დასრულებას 2013 წელს ვარაუდობენ.
პრეზიდენტმა დაათვალიერა ორი გუმბათოვანი თაღი, რომელიც მას თავისი დიზაინით სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევს.
შემდეგი ობიექტი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე შენობა იყო სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებისთვის.
პრეზიდენტის თქმით, 35 სართულიანი ნაგებობა, შავიზღვისპირეთში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მთლიანად ობიექტი კი 2012 წლის აგვისტოში დასრულდება.
შემდეგი, ქალაქის ისტორიული შენობა, ბათუმის პირველი საავადმყოფო იყო, სადაც აჭარის მთავრობა უნდა განთავსდეს. მშენებლობა აქ ღამის 4:00 საათზეც კი სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. იერსახეს ამ შენობას მშენებლები ისტორიული იერსახიდან გამომდინარე შეუნარჩუნებენ. ეს იქნება მთავრობის ყველაზე თანამედროვე სახლი.
"სამთავრობო დაწესებულებები უნდა შევიტანოთ ქალაქის შიგნით, იმიტომ რომ ბათუმი არა მხოლოდ ფასადური ბათუმია, არამედ დაწყებული ჭაობის დასახლებიდან, ბენზედან და სიღრმეებისკენ. იმიტომ, რომ მაგალითად, კარიბის კუნძულებზე რომ ჩახვალ იქ ფასადი კარგია, მაგრამ ცოტა რომ გაცდები იწყება საშინელი სიღარიბე და უბედურება. ბათუმში კი ყველა კუთხე-კუნჭული კეთდება. აქ არ დარჩება არც ერთი ადგილი სადაც რაიმე იქნება ცუდი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა სამშენებლო კომპანია "ორბის" მშენებლობები დაათვალიერა. ეს არის ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამი კორპუსი, რომელშიც უკვე ნაყიდი აქვთ ბინები მსოფლიოში და საქართველოში ცნობილ ადამიანებს, მათ შორის რეჟისორ რენე ჰარლენს. მშენებლობაზე გამოყებულია მთლიანად ქართული წარმოების სამშენებლო მასალები და დასაქმებულია 1500 მდე ადგილობრივი მუშახელი. ანაზღაურება საშუალოდ 2 000 ლარია. სამშენებლო ჯგუფმა "ორბიმ" 2008 წელს საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში დაიწყო მუშაობა, მაშინ როდესაც პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა მშენებლობა და მსოფლიოში ფინანსური კრიზისი იყო.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები ქალაქის პირველ ზოლში ინაცვლებს მეორე ზოლი კი მთლიანად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ეთმობა.
"მე არ გამიგია, რომ ჩინეთში შენდებოდეს ასე ჩქარა და ეს მშენებლობა დაიწყო კრიზისის დროს, როდესაც მთელი საქართველო გაჩერდა და რატომ გაუძლო საქართველომ კრიზისს, იმიტომ, რომ ვირაცას ჰგონია, რომ ამერიკელებმა ფული მოგვცეს ან ვიღაცამ ფული მოგვცა. იმიტომ, რომ ასეთი ხალხი, რწმენით თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისა.
ბათუმში მშენებლობა არც ერთი წუთით არ გაჩერებულა. არ დარჩა ხალხი უმუშევარი, რა თქმა უნდა აქ არ არის 100 % დასაქმება, მაგრამ აქ შენდება უფრო მეტი, ვიდრე 4 მილიონიან ქალაქ კიევში. არ არის ეხლა ეს სასწაული? აი ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომ მიუხედავად გაჭირვებისა საქართველო მიდის წინ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო შენდება დღეც და ღამეც.