"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ სახელმწიფო დუმის არჩევნებთან დაკავშირებით შეურაცხყოფაა, რომელიც დასავლურ აუდიტორიაზეა გათვლილი", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პორტალ "Public Post"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"კლინტონის გამოსვლა შეურაცხყოფას ჰგავდა. თანაც გამოსვლის შემდეგ იგი დარბაზიდან გავიდა, ჟენევაში გაფრინდა. დიალოგი არ შედგა და როგორც მომეჩვენა, მას არ სურდა ეს", _ აცხადებს ლავროვი კლინტონის გამონათქვამების კომენტირებისას.
კითხვაზე - გააფუჭებს თუ არა კლინტონის გამონათქვამები რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს, ლავროვმა განაცხადა: "არ მსურს, აღნიშნულ შემთხვევაში იმოქმედოს ლოგიკამ პრინციპით: "ომი ყველაფერს ჩამოწერს". ომი არ იქნება. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, ვცდილობთ, ურთიერთობები დავალაგოთ პარტნიორებთან და არ გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ ჩვენი აუდიტორიის წინაშე პოლიტიკური ქულები დავიწეროთ", _ განაცხადა ლავროვმა.
"მიმაჩნია, რომ ჰილარი კლინტონის რეაქცია, არჩევნების ჯერ კიდევ გამოუცხადებელ შედეგებზე უმეტესწილად ემოციური იყო და აშშ შიდა აუდიტორიაზე და ეუთოს წევრ ქვეყნებზე იყო გათვლილი", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის დუმის არჩევნებს არასამართლიანი უწოდა.