დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეთა ახალი მომსახურების დარბაზი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეკონსტრუქციისას განსაკუთრებული ყურადღება მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე გამახვილდა. ახალი ოფისი აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტერნეტით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სარეგისტრაციო პროცედურებს, შესაბამისად, სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეებს სწრაფ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ მომსახურებას გაუწევენ.
ახალგარემონტებულ მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში განთავსებულია რიგის მარეგულირებელი აპარატურა, დამონტაჟებულია მოსაცდელი სკამები, რაც ასევე კომფორტულია მოლოდინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეებისთვის.
ახალგარემონტებულ ოფისში განთავსებულია ასევე საქართველოს ბანკის მოლარე-ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეებისგან ადგილზე იღებენ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურს; შესაბამისად, მოქალაქეს აღარ მოუწევს საფასურის გადასახდელად შენობიდან გასვლა საბანკო დაწესებულებაში.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მოდერნიზაცია სააგენტომ საკუთარი ფინანსური რესურსით განახორციელა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 64 ტერიტორიული სამსახური აქვს, აქედან 45 უკვე გარემონტებული და შესაბამისი ტექნიკით არის არღჭურვილი.