"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში ესეების კონკურსში "გზა კეთილდღეობისკენ" გამარჯვებულები დააჯილდოვა.
"ქრისტიან-დემოკრატების" და ინტერნეტ-ჟურნალ "4 მოტივის" ორგანიზებით, კონკურსი ერთი თვის განმვალობაში მიმდინარეობდა. სულ საკონკურსოდ 49 თემა იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ჟიურიმ 15 საფინალო შეარჩია. დასკვნით ეტაპზე გამარჯვებულები ფაცებოოკ-ის საშუალებით მკითხველმა გამოავლინა.
კერძოდ, პირველი ადგილი თემით "მე დავიბადე ლიდერად" გვანცა თუშიშვილმა მოიპოვა, მეორე - იმავე თემით თამარ მეფარიშვილმა, ხოლო მესამე - ლაშა აივაზაშვილმა თემით "მოტივაციის როლი ადამიანის ცხოვრებაში".
„ამ ღონისძიების მთავარი მიზანი არის ხელი შევუწყოთ მომხმარებელი საზოგადოების მწარმოებელ საზოგადოებად გარდაქმნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობის ინიციატივებს და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.