საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ დემოკრატიული ძალები მოვლენ სათავეში.
"სამომავლო პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენი პირადი განწყობა იქნებოდა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი აზრი, მაქსიმალურად დემოკრატიულად წარიმართოს პროცესები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიული ძალები მოვლენ სათავეში. შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების ადვეკატური ხმების მოპოვებას. ჩვენი გამოცდილებიდან რუსეთთან ურთიერთობაში და გასული მრავალი წლის ისტორიის გადახედვის შედეგად, სამწუხაროდ ოპტიმიზმის საფუძველი საკმაოდ მცირეა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, რუსული მოვლენების შეფასება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ჭირს.
"თუმცა, თვითონ არჩევნების პროცესის მიმდინარეობას რაც შეეხება, საერთაშორისო დაკმვირვებლებმა საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცეს თვითონ საარჩევნო პროცესს. საუბარი იყო საკმაოდ მკაცრი ტონალობით იმაზე, რომ უხეშ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მმართველ პარტიას გაუჭირდა 50%-ის მოპოვებაც კი, რაც თავისთავად ნიშანდობლივია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.