საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის მკვიდრ რევაზ სუქნიძის ოჯახს ესტუმრა და მას, სიმბოლურად, საგაზაფხულო სამუშაოების - ხვნა-თესვის პირველი ვაუჩერი გადასცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი ვაუჩერი საქართველოს რაიონებში მცხოვრებ ყველა ოჯახს დაურიგდება. მიხეილ სააკაშვილი მასპინძელს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით უფრო მეტი სავარგულია ათვისებული, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტული პრობლემები გლეხებს მაინც აქვს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ვაუჩერი სწორედ ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება გლეხებს.
„ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის წახალისება, მათი ვისაც მცირე მიწა აქვს. წინა წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ტრაქტორი შემოვიტანეთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა პრობლემები, ამიტომ ახლა გადავწყვიტეთ, სოფლის მოსახლეობას 30-ლარიანი საგაზაფხულო სამუშოების ვაუჩერით დავხმარებოდთ. ეს ვაუჩერი ხალხმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც ხვნა-თესვის სამუშაობში, ტრაქტორის ქირაობისთვის ნაკვეთების დასამუშავებლად, ისე სასუქის მისაღებად. მაღალმთიან და მცირემიწიან ადგილებში ხალხს შეუძლია ვაუჩერის ნაცვლად, პირდაპირ 35 კილოგრამი სასუქი მიიღოს, რომელიც, რეალურად, 70 ლარის ღირებულებისაა და 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დამუშავებისთვის სავსებით საკმარისია. მაღალმთიან რაიონებში ეს საერთოდ მოხსნის ყველა პრობლემას. ვაუჩერები დარიგდება ყველგან, დიდი ქალაქების გარდა. რეგიოებშიც კი იმ ადამიანებს, რომლებიც კორუსში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მიწა არც კი ქონდეს, შეუძლიათ 1 ივლნისიდან გაანაღდოს კიდეც ის. წელში გამართული ოჯახებისთვის ეს, შეიძლება, დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გაჭირვებულ ხალხს ნამდვილად წაადგება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძლებთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილი სწავლული აგრონომების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კარგი სპეციალისტი დიდ სოფელს ერთი მაინც უნდა ჰყავდეს. სოფლის სახლებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიხსნება, ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ.
„არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სოფელი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ოჯახის უმცროს წევრს ანა სუქნიძესაც გაესაუბრა და წარჩინებული სწავლისთვის გოგონა პორტატული კომპიუტერით დაასაჩუქრა.
30 ლარიანი ვაუჩერი მთავრობის დახმარებაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად, მიწის დამუშავებისთვის აუცილებელი პროცედურებისთვის ან სასუქის შესაძენად.
ვაუჩერების დარიგება 20 დეკემბრიდან დაიწყება და მისი გამოყენება სოფლის მოსახლეობას 2012 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლება. ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ გლეხს, რომელსაც სასოფლო სამეურნეო სავარგული არ აქვს, 2012 წლის 1 ივნისიდან შეუძლია გაანაღდოს ვაუჩერი „ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.