დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობის პარალელურად მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა - წერს ნეტგაზეთი „ქიზიყი".
პაციენტი დედოფლისწყაროს სამშობიაროში დროულად მიიყვანეს. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია.
„ამ ქალბატონისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდან არის. ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა, ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება აღენიშნებოდა, თბილისში აღრიცხვაზე იყო და მკურნალობის კურსს იტარებდა. მისი ჯანმრთელობის რთული ვითარების თაობაზე ოჯახის წევრებიც ინფორმირებულნი იყვნენ. ამ დაავადების დროს ყველაფერი წამიერად ხდება, თრომბი მოწყდა, გაიჭედა და პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია, " - განუცხადა „ქიზიყს" ხათუნა ზურიკაშვილმა.