მოსკოვის ცენტრში, "ბოლოტნი" მოედანზე მიმდინარე მიტინგი სრულდება. საპროტესტო აქცია, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეძღვნებოდა ინციდენტების გარეშე მიმდინარეობდა. სხვა და სხვა მონაცემებით მიტინგზე 25-დან 85 ათას ადამიანამდე იყო შეკრებილი.
მიტინგის მონაწილეებმა დუმის არჩევნებზე გამოვლენილ ფალსიფიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მიტინგს ვლადიმერ რიჟკოვი ხელმძღვანელობდა. მასზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკოსები: ბორის ნემცოვი, გენადი გუდკოვი, ოქსანა დმიტრიევა, მიხეილ კასიანოვი, გრიგორი იავლინსკი, სერგეი მიტროხინი, კონსტანტინე კრილოვი. საზოგადოებრივი აქტივისტები, ჟურნალისტები - ლეონიდ პარფიონოვი და დიმიტრი ბიკოვი, მწერალი ბორის აკუნინი და ტელეწამყვანი სვეტლანა ლაზარევა. ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიმართვა წაიკითხა.
"ჩუროვი ნარებზე!", "გადადგეს პუტინი!", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს!", "რუსეთი იქნება თავისუფალი!", "მოგვეცით ახალი არჩევნები!", "დროა ხელისუფლება შეიცვალოს!", - ეს არის ლოზუნგები და მოთხოვნები, რომლებიც დღევანდელ მიტინგს ახლავდა თან.
ამჟამად, რუსული მედიის ინფორმაციით, მიტინგი სრულდება. მათივე ინფორმაციით ამჟამად მოედანზე მხოლოდ 15 ათასი ადამიანია დარჩენილი.
"მიტინგს ადამიანები ტოვებენ, მდგომარეობა სტაბილურია, მიტინგმა მშვვიდ ვითარებაში ჩაიარა და სერიოზული დარღვევები დაფიქსირებული არ ყოფილა", _ ნათქვამია ადგილობრივ სამართალდამცავთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.