დღეს, 10 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება .
"ადვოკატთა ასოციაციის" ინფორმაციით, კრებაზე რომელიც "პროფკავშირების კულტურის სახლში" გაიმართება წარმოდგენილი იქნება "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის ეთიკის კომისიის 2011 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
მოეწყობა "ადვოკატთა ასოციაციის" განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება. ასევე, მოხდება ეთიკის კომისიის ახალი არა ადვოკატი წევრის არჩევა უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრი. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით წარმოდგენილ წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონით და ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საერთო კრების მოწვევისა და კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია ასოციაციის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ პირს საბჭოს შემადგენლობიდან.