ხვალ, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაცია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას გამართავენ. დაიწყება ხელმოწერების შეგროვება.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სტუდენტების დაზღვევას გულისხმობს.
პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლში, რომელიც სტუდენტის უფლებებს არეგულირებს, უნდა შევიდეს ცვლილება და სტუდენტის ერთ-ერთ ძირითად უფლებად უნდა განისაზღვროს უფასო სამედიცინო დაზღვევის უფლება.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის მიხედვით, ყველა სტუდენტის სოციალურ გარანტიებზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო ან უმაღლესი სასწავლებელი. საქართველოში სტუდენტები ამ უფლებით ვერ სარგებლობენ. სწორედ ამიტომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და სტუდენტთა ინიციატივით პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა. რომელიც გულისხმობს 104 ათასი სტუდენტის ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას უმაღლესი სასწავლებლის მიერ. საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში განსახილველად საჭიროა არა ნაკლებ 30 000 მოქალაქის ხელმოწერა", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.