ცნობილი რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულებების ხშირი ცვლილებებითაა ცნობილი, მისი ტალანტის მრავალი თაყვანისმცემლისთვის "გარდაიცვალა" მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას დასთანხმდა. ამას მოწმობს ინტერნეტში დატოვებული უამრავი კომენტარი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რეჟისორის პასუხს, იმის შესახებ, რომ იგი შტაბის ხელმძღვანელობას "დიდ პატივად" და "უდიდეს მოვალეობად" მიიჩნევს, უკვე მრავალი სარკასტული კომენტარი მოჰყვა. "სტანისლავ გოვორუხინი, ნიკიტა მიხალკოვის მსგავსად, შესაძლოა ახალი სახალხო "ანტიგმირი" გახდეს", _ წერს რუსული მედია.
"დღეს, 2011 წლის რვა დეკემბერს, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი მუტაციის შემდეგ, სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, საბჭოთა და რუსული კინოს მოღვაწე, მსახიობი და კინორეჟისორო სტანისლავ სერგეის ძე გოვორუხინი. ბებერო მუდოვ, სამუდამო სირცხვილი შენ, სტანისლავ სერგეის ძე გოვორუხინო! დაე, დაიწყევლოს ყოფილი თაყვანისმცემლების გულში სახელი შენი", _ ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში.
"გვინდა რეჟისორს ერთი ფრაზა გავახსენოთ მისივე ფილმიდან: "ქურდი ციხეში უნდა იჯდეს", _ წერს მოქალაქე.
"ასე დაალაქავო საკუთარი სახელი ცხოვრების ბოლოს - რა სირცხვილია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პუტინი მართლაც ღირსეული ადამიანი ჰგონია. ალბათ, ამას ყველაფერს ანგარებით აკეთებს".
"ასე მოახერხო და შენი მიწიერი ცხოვრების ბოლოს მარადისობაში ჩაფურთხება.... და თან ასე წარმატებულად - ყველას არ შეუძლია".
"ხშირად ისმის კითხვა: ვინ იქნებოდა ვისოცკი, მას ჩვენს დრომდე რომ ეცოცხლა. იქნებოდა ის მემარცხენე თუ მემარჯვენე, დემოკრატი თუ კომუნისტი? არ ვიცი, არც არავინ იცის, ვისოცკი ჩვენთან არ არის, მაგრამ ერთი რამის მტკიცება 100 %-ით შეიძლება - იგი წესიერი ადამიანი იქნებოდა, სამართლიანი და არ გახდებოდა ნაძირალა და ხელისუფლების წინაშე თავს არ დაიმცირებდა. მის ყოფილ მეგობარზე, მის რეჟისორზე კი, სამწუხაროდ, ამის თქმა არ შეიძლება! შენ ვისოცკის მილიონობით თაყვანისმცემლის თვალში ძალიან დაბლა დაეცი! შენ მის ხსოვნას უღალატე! ნუთუ არ დაფიქრებულხარ, სლავა გოვორუხინო, რატომ შემოგთავაზეს მაინცდამაინც შენ ამ საზიზღარი როლის შესრულება და არა მიხალკოვს? იმიტომ, რომ ის ხალხის თვალში უკვე ნაძირალაა, შენ კი ჯერ მხოლოდ გინდა გახდე ასეთი", _ ასეთია რუსული მედიის ინფორმაციით, კომენტარების ძირითადი შინაარსი.