საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ოპოზიციას ქილიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაბაშვილი ოპოზიციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ახალ ქალაქს "ლაზიკას" შეეხება.
გაბაშვილის თქმით, ოპოზიცია ამ ქილიკს მალე მორჩება და ახალი საქილიკო თემა გაუჩნდება, რადგან ადრე ისინი ასევე ქილიკობდნენ სიღნაღზე, ქუთაისზე, ანაკლიაზე, ბათუმის ცათამბჯენებზე.
"ქილიკობდით ყველაფერზე, რაზეც შეიძლება იმ წუთში ქილიკის ჭია დაიხშოს ადამიანმა და ცოტა ხანი გაერთოს, მაგრამ ჩვენ გასართობად არ ვართ შეკრებულები," - მიმართა გაბაშვილმა ოპოზიციას.
"ჩვენი ამოცანა არ არის ინვესტორების დაცინვა და გაქილიკება და ასე აგდებულად ლაპარაკი იმ ყველფერზე, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას და ბიუჯეტს ზრდის და მოქალქეებს უკეთესი დაზღვევის და უკეთესი საავადმყოფოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს", - განაცხადა გაბაშვილმა.